ხუთშაბათი, 2024-04-25, 10:49 AM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ტიციან ტაბიძე

ალავერდობა
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (12.4 Kb) ] 2011-12-10, 10:25 PM
ნატა ვაჩნაძეს

ჩარდახიანი დგანან ურმები,
კამეჩი კამეჩს ლანდით აშინებს.
გამოუცლიათ ღვინის რუმბები
ხატობას მოსულ ვაჟას აფშინებს.

კავკასიონსაც შეცვლია გვერდი
და სიყვარულის დასხმია რეტი.
სურს მოიტაცოს ეს ალავერდი -
ბარში დაბმული ტაძარი მტრედი.

დღემ მოიტანა ალაზანამდე,
ნისლის შავი ზღვა რომ გადათელა;
დღეო, ნეტავი აღარ დაღამდე,
თუ დაღამდები, არ გაგათენა.

მეორე მხრიდან ალაზანს უწევს
მთვრალი ფარეხი ღამენათევი.
თითქო მინდიას სუფრა გაუწყვეს,
გველისმჭამელი დევს აწევს დევი.

მავთულზე ცეკვით ქანცმილეული
ცეცხლს მიჯდომია ქისტი ჯამბაზი,
ხალხიც ისეა აქ არეული,
როგორც არღანი და მუხამბაზი.

მაგრამ ამ კახეთს სხვა ხმაც ევალა
თეთრი ტახისა და თეთრი ბატის;
მღერის ახალი დედის ლევანა,
ხმა ალავერდის საძირკველს ჩადის.

ზედ რომ მიუშვა, ამოთხრის ძელქვას,
ეხლა კი სეირს უნდა უყურო;
დაუთოკია სიკვდილის წელკავს
სვეტზე მიბმული კურატი კურო.

ნეტავ რამ წვიმა, ანდა რამ თოვა
ამდენი ხალხი და ჯამაათი.
შესმენ ალაზანს, ღვინოდ თუ მოვა,
და ახლა კიდევ, ჭამა თქვი მათი.

ტკბილო კახეთო, მადლი შენს გამჩენს,
შენ ბარაქიან და რძიან ცურებს,
ღრუბელი ცაზე მიაგავს კამეჩს
და კამეჩივით ღამე მისცურავს.

დგას ოხშივარი და ორთქლი მწვადის,
კაცი ამ ბოლში თვალს ვერ გაახელს.
ირემი ირემს ბალახს მიაწვდის,
სავსე ღვინის ჯამს - კახელი კახელს.

დგას ფიროსმანი, ხატავს დღეობას
და ჩარდახიან ურმების მორევს.
ვაჟა-ფშაველა უქებს ხელობას,
ჯიხვის შაირით შესცვლის მეორეს.

შეიბნენ ერთად შაშვი, კაკაბი,
ბესიკის გაფი და საათნოვა,
კიდევ ბევრია ლხინის საბაბი,
ახლა კახეთში რთველი შემოვა.

ტკბილო კახეთო, მადლი შენს გამჩენს,
ქვეყნად რომ არვის დავეჯაბნებით,
ალავერდიდან მოვალთ ალავერდს
სავსე ცხოვრების დიდი ჯამებით.

1936
კატეგორია: ტიციან ტაბიძე | დაამატა: goga13
ნანახია: 1064 | რამოტვირთვები: 35 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica